logo
ENG



"ვერავინ ივარაუდებდა, რომ ასე მოხდებოდა" - The Irish Times ვარდების რევოლუციაზე წერს

22 ნოე 202316:12
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/22/469pbapwfzl2xdv.jpg

გამოცემა The Irish Times ვარდების რევოლუციის 20 წლისთავზე სტატიას აქვეყნებს. 

სტატიის ავტორი დენიელ მაკლაფლინი წერს, რომ 20 წლის წინ ვარდების მშვიდობიან რევოლუციას უნდა გარდაექმნა საქართველო, შეენჯღრია რეგიონი და გაეფრთხილებინა კრემლი.

ნინო გოგიბერიძე, რომელიც მაშინდელ აქციებში აქტიურად მონაწილეობდა და საპროტესტო გამოსვლებს შორის ემზადებოდა სამართლის გამოცდისთვის და არა ისტორიული გამარჯვებისთვის.

"ვერავინ ივარაუდებდა, რომ ეს ასე მოხდებოდა. ბოლო წუთამდე არ ვიცოდით, როგორ განვითარდებოდა", - ამბობს ის და ყვება ფალსიფიცირებული არჩევნების წინააღმდეგ სამკვირიანი აქციების შესახებ, რომელთან კულმინაციაც 22-23 ნოემბერი გახდა, როდესაც მაშინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გადადგა მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა ვარდებით ხელში პარლამენტი აიღეს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ პროტესტის ლიდერი იყო 35 წლის მიხეილ სააკაშვილი, იურისტი, რომელმაც განათლება აშშ-ში მიიღო, ხელისუფლებაში კი რამდენიმე თვეში მოვიდა და რეფორმების კამპანია დაიწყო, რამაც საქართველო შავ ზღვაში დასავლეთის მთავარ მოკავშირედ აქცია.

"მიუხედავად ამისა, წლისთავზე, რომელიც ამ კვირაშია, ჩანს, რომ საქართველო ღრმად დაყოფილია: სააკაშვილი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის ექვსწლიან სასჯელს იხდის, ხოლო ამჟამინდელ ხელისუფლებას ბრალად ედება რუსული გავლენის აღდგენა და ოფიციალურად არც აღნიშნავს რევოლუციას, რომელსაც დასცინის და ეჭვობს, რომ გოგიბერიძე და სხვა აქტივისტები ჩართულნი არიან აშშ-ს მიერ მხარდაჭერილ შეთქმულებაში სახელმწიფო გადატრიალების მიზნით", - აღნიშნავს სტატიის ავტორია.

ნინო გოგიბერიძე ანტიკორუფციული სტუდენტური მოძრაობის "კმარას" თანადამფუძნებელი იყო.

"სამი კვირა ყოველდღე დემონსტრაციებს ვაწყობდით. მორიგეობებს ვაკეთებდით, რათა რუსთაველის გამზირზე ყოველთვის საკმარისი ხალხი გვყოლოდა. სახლში ვამზადებდით ლანჩებსა და ვახშმებს ჩვენი აქტივისტებისთვის", - ამბობს გოგიბერიძე.

როგორც სტატიაშია აღნიშნულია, "კმარას" წარმატებულმა კამპანიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი სტუდენტური თვითმმართველობის დანერგვასთან დაკავშირებით შთააგონა მათ, 2003 წლის არჩევნების დროს უფრო ფართოდ ეაზროვნათ.

"ვფიქრობდით, რომ რაღაცის შეცვლა ქვეყნის დონეზეც შეიძლებოდა - თუნდაც ადამიანების მობილიზება, რათა მისულიყვნენ და ხმა მიეცათ, შემდეგ კი საკუთარი ხმა დაეცვათ. ეს იყო ჩვენი მიზანი და მეტი არაფერი", - ამბობს გოგიბერიძე.

"კმარას" სხვა თანადამფუძნებელი გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ "სტუდენტური ანტიკორუფციული კამპანია გადაიზარდა "კმარაში" და შემდეგ უფრო პოლიტიკურ მოძრაობად იქცა... "კმარა" მნიშვნელოვანი იყო, რათა რადგან ის სათავეში ედგა და ენერგიით აძლიერებდა აპათიურ ახალგაზრდობას".

"კმარას" აქტივისტები იყენებდნენ მარტივ, მაგრამ ახალ მეთოდებს საზოგადოების ჩართულობისთვის, მაგალითად, საზოგადოებრივი ეზოების დასუფთავება და შემდეგ ცნობისმოყვარე მცხოვრებლებთან განხილვა, როგორ უნდა გააკეთოს ეს სახელმწიფომ; ან სთხოვდნენ საკუთარ ბებიებს სოციალურ საკითხებზე სხვა მოხუცებთან ესაუბრათ, რომლებსაც ძალიან ეშინოდათ უცხო ახალგაზრდებისთვის კარი გაეღოთ.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ "კმარას" ზოგიერთი ტაქტიკა აღებულია Otpor-ისგან, არაძალადობრივი ბრძოლის მხარდამჭერი მოძრაობა, რომელიც 2000 წელს სერბი დიქტატორის გადაგდებას დაეხმარა და რომლის ლიდერებმაც საკუთარი იდეები ქართველ აქტივისტებს გაუზიარეს.

"Otpor-თან შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რათა გვესწავლა უპირატესობის შექმნა - არა ფიზიკური, არამედ მორალური - და გვეპოვა გზა ლეგიტიმური, მშვიდობიანი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად ავტორიტარული რეჟიმის გადასაგდებად", - ამბობს გიგა ბოკერია, რომელიც 2003 წელს "თავისუფლების ინსტიტუტში მუშაობდა", შემდეგ კი სააკაშვილის დროს ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას იკავებდა.

"მაგრამ ყოველთვის წყვეტს საზოგადოება აქ და არა საზღვარგარეთ. უცხოური მაგალითი შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი შთაგონებისთვის ან სწავლისთვის, მაგრამ ვერაფერს გააკეთებთ, თუ ის [ცვლილების სურვილი] აქ არ არის", - დასძენს ის.

"არასდროს გვითქვამს, რომ რევოლუცია იქნებოდა. ვფიქრობ, სააკაშვილი იყო პირველი, რომელმაც დაიწყო საუბარი ერთი დღით ადრე, სანამ ის მოხდებოდა. კმარა იყო ადამიანებზე, რომლებიც ამბობდნენ: "საკმარისია შევარდნაძე, რადგან მიყვარს ჩემი ქვეყანა".

პროტესტმა თბილისში პიკს მიაღწია, როდესაც შევარდნაძემ აჭარის არჩევნების შედეგები აღიარა.

"რეჟიმმა გააორმაგა თაღლითობის ძალისხმევა, საპასუხოდ საპროტესტო მოძრაობამ გააორმაგა პროტესტი და საბოლოოდ გაიმარჯვა", - ამბობს კანდელაკი და იხსენებს, თუ როგორ რჩებოდა სადამსჯელო ღონისძიებების შიში, სანამ ვეტერანი ლიდერი არ გადადგა.

სააკაშვილმა და მისმა პარტიამ, რომელიც ქვეყანას მთელი ათწლეულის განმავლობაში მართავდა, არჩევნები 2004 წელს მოიგო.

"მათ მალევე მოსპეს წვრილმანი მექრთამეობა და ბიუროკრატია, რამაც უბრალო ქართველ ადამიანს ცხოვრება გაუადვილა და ასევე მეტი ყურადღება მიიზიდა დასავლელი ინვესტორებისგან, რითაც, მოსკოვის დიდხნიანი დომინირების შემდეგ, წინ წამოიწია პროევროპულმა და პროდასავლურმა დემოკრატიულმა პოზიციამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში.

თუმცა, დროთა განმავლობაში, სურათი უარესობისკენ შეიცვალა. 2008 წელს რუსეთმა საქართველოზე შეტევა განახორციელა, ხოლო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი "დამოუკიდებელ" სახელმწიფოებად აღიარა. სააკაშვილის მმართველობა კი თანდათანობით მძიმდებოდა, ზოგჯერ ძალადობრივიც. ეს ყველაფერი უკმაყოფილებას იწვევდა, რამაც 2012 წელს ხელისუფლებაში მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის პარტიის, "ქართული ოცნების" მოსვლა განაპირობა", - ვკითხულობთ სტატიაში.

სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 2021 წელს დაბრუნდა, სადაც მალევე, 6 წლის ვადით უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის დააპატიმრეს. მესამე პრეზიდენტის თქმით, ეს საქმე "ქართული ოცნების" მიერ იყო შეთხზული. მისი ზოგიერთი მოკავშირე "ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავის აღნიშვნას გეგმავს, თუმცა, "ქართული ოცნების" წევრის, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, იგი შეუმჩნევლად ჩაივლის.

"ძირითადი რამ, რაც "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მივიღეთ, ავტორიტარული მმართველობა იყო, ასე რომ აღსანიშნი არაფერია. არაერთი ადამიანი ციხეში ჩასვეს, ბევრს ქონება იძულებით ჩამოართვეს და ბევრიც მოკლეს, ხოლო დამნაშავეებს შესაბამისი სასჯელი არ მიუსაჯეს."

სტატიის ავტორი წერს, რომ რევოლუციის ბევრი მხარდამჭერი სააკაშვილით იმედგაცრუებული დარჩა, მაგრამ ახლა ისინი ქართულ ოცნებას ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობის დამყარებასა და სახელმწიფოს რუსეთის ორბიტაზე დაბრუნებაში ადანაშაულებენ.

საქართველოს მთავრობა უარს ამბობს შეუერთდეს დასავლურ სანქციებს, რომლებიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაუწესდა და პარალელურად, მაისში განაახლა პირდაპირი ფრენები რუსეთთან. ოთხი თვის შემდეგ კი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და ივანიშვილის მოკავშირე, ოთარ ფარცხალაძე, კრემლის გავლენის საქართველოში გავრცელების ხელშეწყობისთვის, შავ სიაში შეიყვანა.

სექტემბრის ბოლოს, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა Canvas-ის სამი სერბი წევრი დაკითხვაზე დაიბარა. უწყებამ ასევე განაცხადა, რომ თბილისში, ამერიკის დაფინანსებით აქტივისტებს უტარდებოდათ ტრენინგები, თუ როგორ მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება.

"ეს ხალხი კიდევ ფიქრობს, რომ 2003 წლის საქართველოში არიან და გადატრიალების დადგმა შეუძლიათ, მაგრამ ეს სრული ილუზიაა. საქართველო წინ წავიდა, ქვეყანა პროგრესს განიცდის და ეკონომიკაც ვითარდება, ამიტომაც ხალხს არ სურს რევოლუციური სცენარები", - განაცხადა სამხარაძემ.

აშშ-ის საელჩომ თბილისში უარყო „უსაფუძვლო: ბრალდებები და განაცხადა, რომ შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) მუშაობდა Canvas-თან, რათა „დახმარებოდა ხალხს საკუთარი აზრი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც მნიშვნელოვანია მათი ოჯახებისთვის და საზოგადოებისთვის“.

გარდა ამისა, სტატიაში აღნიშნულია, რომ აქტივისტები შთაგონებულნი არიან იმ საპროტესტო მოძრაობით, რომელიც მარტში პარლამენტის გარეთ მიმდინარეობდა, როდესაც ათასობით ადამიანის მოითხოვა - მთავრობას უარი ეთქვა ზოგიერთი სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფის "უცხო ქვეყნის აგენტად" მოხსენიების კანონზე, შედეგი გამოიღო. მსგავს კანონს რუსეთი კრემლის კრიტიკოსების გასაჩუმებლად იყენებს.

"მე, პირადად, მზად ვიყავი წავსულიყავი ციხეში, ვიდრე საკუთარი თავი ჯაშუშად დამერეგისტრირებინა, ისევე, როგორც ამას რუსეთში აკეთებენ", - ამბობს ეკა გიგაური, ანტიკორუფციული ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი.

ვარდების რევოლუციის შემდეგ მან დიდი სამსახური გასწია კორუფციაში ჩაფლული სასაზღვრო სამსახურის რეფორმირებაში, მაშინ, როცა ბევრი ქართველი ახალგაზრდა შეუერთდა საჯარო სამსახურს ქვეყნის მოდერნიზებისთვის.

"ხალხი ახლაც მზადაა გამოვიდეს და ფიზიკურად დაიცვას საქართველოს ევროპული მომავალი", - აცხადებს გიგაური.

მომავალ წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ფონზე, "საქართველო არ გაქრება, ჩვენ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ", - თქვა გოგიბერიძემ.

"საქართველო თავისუფალი და დამოუკიდებელია. სწორედ ამისთვის ვიბრძოდით 2003-ში, ვისწრაფვით 2024-ში და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. ჩვენი მთავარი იდეა - ქვეყნისთვის უსაფრთხო ადგილის პოვნა - არ მომკვდარა ვარდების რევოლუციასთან ერთად და არ მოკვდება მანამ, სანამ ცოცხალი ვარ. იმედი მაქვს, მომავალი თაობაც შემომიერთდება ამ ბრძოლაში", - თქვა მან.


close დახურვა